GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებთან

16 მაისი, 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, კოტე ხუცაიძესთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის სახლი“ მეპაიეებს შეხვდა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. სახელმწიფოს დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით, ეს კოოპერატივი ნამდვილად შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. კოოპერატივმა სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის სახლი“ 2016 შეიქმნა და მასში 13 მეპაიეა გაერთიანებული, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 314 სულს შეადგენს. კოოპერატივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.acda.gov.ge

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia