GEO ENG

სიახლეები

მთის კვირეული თუშეთიდან დაიწყო

16 ივლისი, 2022
დღეს, მთის კვირეული თუშეთიდან დაიწყო.
თუშეთში მთის კვირეული ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები თქვენთან ერთად. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს და ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მოგესალმოთ ყველას, ძვირფასო თუშებო და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, იმისთვის, რომ ყოველწლიურად ტრადიციულად გაიმართოს მთაში მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუშეთში ცნობილმა შეფებმა, ლევან კობიაშვილმა, დიმიტრი შარაშიძემ ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ხინკლის მომზადების მასტერკლასები და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია ჩაატარეს. ადგილზე ასევე ცოცხალი ლუდი მომზადდა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: “ჩვენებურები და ლელა ნაყეური”, ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი, “რეზო და ბავშვები”.
სტუმრები ღამეს სპეციალურად მოწყობილ კემპინგის ზონაში გაათენებენ. .
პრემიერ-მინისტრთან ერთად თუშეთში მთის კვირეულის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2022 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia