GEO ENG

სიახლეები

კახეთში ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების სამუშაოებს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ

1 ივნისი, 2021

კახეთის რეგიონში ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გაეცნო.
 რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი, დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილი იმყოფებოდნენ.
კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ მოქმედ სერვისცენტრებში მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
 „მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინია მობილიზებული. წელს, ჩვენი ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან. ვფიქრობ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, შევძლებთ ორგანიზებულად ვმართოთ პროცესი. მოვუწოდებ ფერმერებს, დროულად გააკეთონ მოსავლის ამღები ტექნიკის მომსახურებაზე განაცხადი, გააფორმონ ხელშეკრულება, რათა ოპერატიულად მიიღონ მომსახურება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
 „ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ორგანიზებულად შეძლონ მოსავლის აღება და დაბინავება“, - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე.
ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინის გარდა, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia