GEO ENG

სიახლეები

შეხვედრა ისრაელის საელჩოში

29 ნოემბერი, 2016

28 ნოემბერს, საქართველოში ისრაელის საელჩოში ისრაელის მოქალაქეებისთვის საგანგებო სიტუაციაში აღმოჩენილი დახმარებისადმი მიძღვნილი სამადლობელო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მსვლელობის დროს ისრაელის ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურმა საპატიო სიგელები გადაეცა მაშველებს, რომლებმაც 10 ოქტომბერს თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაზარალებული გრინფილდების ოჯახს ოპერატიული დახმარება აღმოუჩინეს. ასევე დაჯილდოვდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი ბატონი პლატონ კალმახელიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, თელავისა და თბილისის საავადმყოფოების ექიმები და სამაშველო ოპერაციაში ჩართული სხვა პირები. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი დაესწრო.
"ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ წარმოვადგენდე ჩემს რეგიონს -კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით. სამწუხარო ფაქტი მოხდა წელს თუშეთის გზაზე. უბედური შემთხვევის დროს დაშავდა ისრაელის 4 მოქალაქე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი კი ადგილზე გარდაიცვალა. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დროულად აღმოგვეჩინა დახმარება. თუმცა, ორის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ვწუხვარ მათი გარდაცვალების გამო და გულწრფელად გითანაგრძნობთ თითოეულ თქვენგანს. ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, ჩვენი რეგიონისთვის - კახეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში. ჩვენ ვისწრაფით ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მადლობას გიხდით გულთბილი მიღებისათვის და მზად ვართ გიმასპინძლოთ კახეთში“ -განაცხადა ირაკლი შიოშვილმა

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia