GEO ENG

სიახლეები

ჩინეთის ბაზარზე ''ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება

28 ნოემბერი, 2016

ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე "ბადაგონის“ 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება, - შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას - Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში გაფორმდა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილი კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო, მთავრობის მეთაურმა „ბადაგონს“ 10 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მთავარი, რაც კომპანიას, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დანადგარებსა და ტექნიკური დონესთან ერთად გამოარჩევს, არის ის, რომ "ბადაგონში", ყველაზე კარგად არის შერწყმული ქართული მეღვინეობის, ქართული ღვინის წარმოების საუკეთესო ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.  - "სწორედ ამ სინერგიის ხარჯზეა შესაძლებელი ქართული ღვინის წარმატება და იმ ნიშაში დამკვიდრება, რომელიც ჩვენს ღვინოს ნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ნიშა. ქართული ღვინო არ არის მხოლოდ ფართო მოხმარების საგანი და ის აუცილებლად უნდა იყოს პრემიუმ ნიშაში, იქიდან გამომდინარეც, რომ საქართველო არის მეღვინეობის აკვანი, ასეა ცნობილი და ესეც ნამდვილად სამართლიანია. ქართული ქვევრი გახლავთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და ეს აღიარებულია "იუნესკოს" მიერ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის თავიდან დამკვიდრების საშვილიშვილო საქმეში ისტორიული როლის შესრულებისთვის მეუფე დავით ალავერდელს და კომპანია "ბადაგონის" წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 32 ქვეყანაში ხორციელდება. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ქართული ღვინის ექსპორტი, გასული წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "ბადაგონს" ჩინურ კომპანიასთან 5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტის შესახებ მემორანდუმის გაფორმება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი უახლოეს მომავალში განახლებას მოითხოვს და მასში ახალი რიცხვები ჩაიწერება. "ეს არ არის დასასრული ქართული ღვინის ექსპორტისა ჩინეთში, რომელიც ამოუწურავი შესაძლებლობების ბაზარია. ჩინეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ და იმედი გვაქვს, მას ხელი მალე მოეწერება. ჩვენ მიღებული გვაქვს ჩინეთის კომერციის მინისტრის, გაო ჰუჩენგის თანხმობა, რომ შეთანხმება, ღვინის ნაწილში, ხელმოწერისთანავე ამოქმედდება. ვფიქრობთ, ეს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას ჩინურ ბაზარზე რამდენჯერმე აამაღლებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტენდენციები ჩინეთთან, რომლებშიც ვიმყოფებით. წელს დაგეგმილი გვქონდა 3-3,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტმა 4 მილიონ 800 ათას ბოთლს გადააჭარბა, ანუ, წლის ბოლოსთვის, ექსპორტი 5 მილიონზე მეტი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ "ბადაგონსა" და ჩინურ კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის გათვალისწინებით, მომავალ წელს, ამ მიმართულებით, კიდევ უფრო პოზიტიურ დინამიკას უნდა ველოდოთ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საფუძველი ეყრება "ბადაგონის“ ახალი ღვინის ბრენდს - GAU5. პრემიერი ახალი სავაჭრო ნიშნის წარმატებაში დარწმუნებულია. "დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება ჩინეთის ბაზარზეც, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით, გამომდინარე იმ უდიდესი პოზიტივიდან, რაც ამ ბაზრების დივერსიფიკაციას მოაქვს. ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სტაბილური საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მეღვინეობის ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია - 2012 წლიდან დაიწყო მეღვინეობის წახალისების კომპლექსური პროგრამა, რთველის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომელმაც შედეგად ვენახების ფართობის ზრდა მოიტანა. "არ მინდა, გადავიდე შედარებებში, რა ხდებოდა მანამდე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს არის ის დადებითი ტენდენცია, რომელიც საქართველოსთვის მართლაც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. თუ საქართველო გადარჩა, ეს იყო ჩვენი კულტურით და იმით, როგორ დაფოფინებდა ქართველი კაცი თავის ვენახს. ვენახი საქართველოსთვის არ იყო მხოლოდ ერთ-ერთი ინდუსტრია, ეს იყო საქართველოს არსი, მისი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობისა და იმ უდიდესი მემკვიდრეობის გამოხატულება, რომელსაც სხვანაირი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, როდესაც ჩვენ ვასუბსიდირებთ ყურძენს. დღეს აქცენტი გადატანილი გვაქვს ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და ვფიქრობ, ის დადებითი პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მომავალში კიდევ გაგრძელდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი სალაყაიას, მეუფე დავით ალავერდელს, რომელმაც ტრადიციული ღვინის აღორძინებაში ისტორიული როლი ითამაშა; "ბადაგონის" პარტნიორ დონატო ლანატის - რომელსაც ევროპაში ქართული ღვინის ელჩი უწოდა; სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელმაც "ჯერ კიდევ ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობიდან მოყოლებული, ქართული ღვინის სახელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასატანად, ძალიან ბევრი რამ გააკეთა", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საპატიო სტუმარს და კახეთის რეგიონის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელიც ასევე "ჩართულია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და წარმოების მხარდაჭერაში". პრემიერ-მინისტრმა დღესვე "ბადაგონის" ღვინის ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia