GEO ENG

სიახლეები

ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე

25 ნოემბერი, 2016

2016 წლის 25 ნოემბერ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“. ომუდსმენის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო დებატების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების შესახებ, რომლის შესწავლაც სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. შესწავლის პროცესში ყვარლის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა, რაც თავად მოსახლეობამ რელიგიური და ტრადიციული წეს–ჩვეულებებით გაამართლა.
დებატებზე წარმოდგენილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა პრობლემის პრევენციის კუთხით, განხილული იქნა საევე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისთვის და არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარი ჯობავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვერა ბაზიარი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი მაია ავაზაშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი.


სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia