GEO ENG

სიახლეები

კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

17 ნოემბერი, 2016


გურჯაანის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს. სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21 546 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ 3 283.20 ლარი. 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 16 139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12 772 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7 737 084 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14 640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 125 774 643 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3 423 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5 180 568 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia