GEO ENG

სიახლეები

იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა

23 სექტემბერი, 2016

22 სექტემბერს, ქართული ღვინის კვირეული თელავის მუნიციპალიტეტში,  იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.  ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით დაარსებული ქვევრის სკოლა-სახელოსნო მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას.

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია  ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს. სკოლა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლის და სასმისების დამზადების ძველი, ტრადიციული მეთოდები. თიხის სახელოსნოს გარდა, სკოლაში გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული ემალისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელობას დაეუფლოს.

სკოლა-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. სახელოსოში განთავსებულია თიხის გამოსაწვავი თანამედროვე სტანდარტების ღუმელი, თიხის წისქვილი, თიხის სარეცხი ცისტერნები, წნეხი და ვაკუუმპრესი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების ქვევრისა და თიხის ჭურჭლის წარმოებას.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის,  ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის,  ასოციაცია  ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  1.  

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia