GEO ENG

სიახლეები

თელავის აეროპორტი გაიხსნა და ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა

25 აპრილი, 2016

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა და ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი მიენიჭა
ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით. ასევე, დღეიდან დაიწყება ჩარტერული რეისების შესრულება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ასევე საზღვარგარეთ Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავის მეშვეობით.
თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.
აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
დღეისათვის თელავის აეროპორტში დასაქმებულია 40 ადამიანი. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia