GEO ENG

სიახლეები

არხის რეაბილიტაცია დუისში

26 მარტი, 2016

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ,გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში აღდგენილი საირიგაციო არხი დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
საირიგაციო სისტემის მოწესრიგების თხოვნით, პანკისის ხეობის მოსახლეობამ სოფლის მეურნეობის მინისტრს 16 მარტს, სოფელ დუისში გამართულ შეხვედრაზე მიმართეს. ოთარ დანელია ადგილობრივებს პრობლემის დაჩქარებულ ვადებში მოგვარებას დაჰპირდა. სარყწავი სისტემის მონაკვეთი, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა, დღეისათვის უკვე აღდგენილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, დუისის ტერიტორიაზე არხის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო სათავე ნაგებობა და სარეგულაციო ფარი.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წელს, სარწყავი სეზონისათვის სოფელ დუისში 70 ჰექტარი მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი იქნება. ხეობაში სამელიორაციო პროექტების განხორციელება ეტაპობრივად გაგრძელდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელირაციო ინფრასტრუქტურის 25 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა, მათ შორის 3 პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი კახეთის რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 13 600 ჰექტრამდე გაიზარდა.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში ყოველდღიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მიუხდავად ამისა, საქმე მაინც ბევრია. სამუშაოები მუდმივად გაგრძელდება და პანკისის ხეობა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული კუთხე გახდება.
როგორც პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა აღნიშნა, დასაფასებელია, რომ მინისტრმა დანაპირები შეასრულა და სარწყავი წყლის პრობლემა მოკლე დროში მოგვიგვარა. აღნიშნული არხი არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვისთვის გამოიყენება, არამედ 5 წისქვილს აწვდის წყალს. შესაბამისად, ხეობის მოსახლეობისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.
შეხვედრის ბოლოს პანკისის ხეობის მოსახლეობამ სტუმრების საპატივცემულოდ დოღი გამართა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia