სიახლეები
ლერი ბარნაბიშვილი და ირაკლი შიოშვილი დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ
გასულ ღამეს კახეთში მომხდარი სტიქიის შედაგად ზარალი მიადგა ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებს. სტიქიის ზონაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი.
ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მევენახე ფერმერებს შეხვდნენ, ამ დროისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ ზარალის აღნუსხვა მიმდინარეობს.
„ვიმყოფები კახეთის რეგიონში პრემიერ მინისტრის დავალებით, მინდა აღვუთქვა ფერმერებს, რომ ისინი მარტო არ იმყოფებიან სტიქიის შედეგებთან და მთავრობა მობილიზებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის მერია. მაქსიმუმს გავაკეთებთ და დავუგდებით გვერდში ჩვენს დაზარალებულ მოსახლეობას. დასეტყვილი ყურძნის მიღება დღეს დილიდან უკვე დაიწყეს ქარხნებმა, ასევე კომუნიკაცია შედგა სადაზღვევო კომპანიებთან და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ისინი უკვე მოდიან ადგილზე ვითარების გასაცნობად, რათა დროულად მოხდეს ზარალის შეფასება“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
„წუხელვე ვიმყოფებოდი სტიქიის ზონაში, ვინც სარგებლობდა სახელმწიფო აგროდაზღვევით ყველა ფერმერს აუნაზღაურდება ზარალი, ვესაუბრე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს და მაქსიმალურად დაუდგებიან მხარში დაზარალებულ მოსახლეობას, დროულად იქნება შეფასებული ზარალი და მოხდება ანაზღაურება“- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.