GEO ENG

სიახლეები

ყვარელში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროსთორი“ სამაცივრო მეურნეობის გახსნა

2 ოქტომბერი, 2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი ყვარელში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „აგროსთორი“ სამაცივრო მეურნეობის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
 თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ამოქმედდა.
„ჩვენ რეგულარული, მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული გახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს დარგის მოდერნიზაციისთვის. ამ ფონზე, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ხელშესახებია და რეალურ შედეგებს იძლევა. გაჩნდა მრავალი შესაძლებლობა, რადგან, ტექნიკური დახმარების კუთხით, ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები მხარში გვიდგანან. პარალელურად, სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება კარგ ინიციატივებს; საბოლოოდ კი, დამატებითი ღირებულება იქმნება გადამუშავებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
 როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა USAID-ის საქართველოში საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
„ახალი სამაცივრო მეურნეობა დაეხმარება ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღებაში და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სასიამოვნოა, ისეთ ინიციატივის განხორციელებაში ჩართულობა, რომელიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფერმერებს შეინახონ მალფუჭებადი პროდუქტი, გააფართოონ სარეალიზაციო ბაზრები, გაზარდონ პროდუქტის ხარისხი და ფასი. აღნიშნული სამაცივრო მეურნეობა კერძო სექტორის, USAID-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კოოპერატივმა „აგროსთორი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ჰექტარზე გააშენა ჟოლოს ბაღი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 30,000 ლარი შეადგინა. კოოპერატივმა „შეღავათიანი აგროკრედიტითაც“ ისარგებლა და 390,000 ლარი მიიღო. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან კონსულტაციით, კოოპერატივმა ჟოლოს ახალი სახეობა „Tulamagic“ გააშენა. ამ სახეობის ჟოლო ადვილად ტრანსპორტირებადია და შენახვის ხანგრძლივობა მეტი აქვს, შესაბამისად, ის საუკეთესოა საექსპორტოდ.
 კოოპერატივი მუდმივად 6, სეზონურად კი, 150-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.
 კოოპერატივმა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტი 72,436 აშშ დოლარი, ცივი შენახვის ორი სათავსოსა და წინასწარი გაგრილების ოთახის აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. 300 მ2 მიწისა და 180 მ2 ფართის შენობის შეძენა და შესაბამისად მოწყობა კოოპერატივმა საკუთარი სახსრებით მოახდინა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia