GEO ENG

სიახლეები

უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს სხდომა

27 დეკემბერი, 2019

დღეს, ქ. თელავში, უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნეს.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბენო გეგეჭკორმა, 2019 წელს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ინფორმაცია კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების შესახებ. მსგავსი ტიპის შეხვედრების ფარგლებში, ხდება ინფორმაციის გაცვლა იმის შესახებ, თუ რამდენად რელევანტურია ის პროგრამები და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, როგორ მიმდინარეობს მათი ინტეგრაციის პროცესი, როგორ არის დაცული ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები. ამ შეხვედრებს ესწრებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ხდება აქ გაჟღერებული პრობლემების აღნუსხვა, მიმართულებების განსაზღვრა, რაც მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შედგენის დროს იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები, სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იღებენ.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2020 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia