GEO ENG

სიახლეები

ნატოს დღეების ფარგლებში კახეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

16 ოქტომბერი, 2019

დღეს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისიმ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრები გამართა. საინფორმაციო შეხვედრები ნატოს დღეების ფარგლებში შედგა. 3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები მიმდინარეობს. ნატოს დღეების მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. ნატოს დღეების ფარგლებში, კახეთის რეგიონში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, ეთნიკური უმცირესობების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ. „დღეს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა როსარია პუგლისიმ კახეთის რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ასეთი შეხვედრების დროს, ყოველთვის ისმის კონკრეტული შეკითხვა - თუ როდის გახდება ჩვენი ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრი? მე მიმაჩნია, რომ ძალიან რთულია თარიღის დაკონკრეტება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომლის შესახებ დღეს, ამ შეხვედრაზე დაწვრილებით იყო ახსნა-განმარტება გაკეთებული. ამ პროცესმა უნდა ლოგიკურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს პროცესი ერთგვარი გარანტია ჩვენი უსაფრთხოების ზრდისა და ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისა. ახლა მთავარია, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობის ფართო ფენებამდე. ნატოში შესვლის კონკრეტული თარიღი რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს კონკრეტული თარიღი ამ პროცესების გავლის გარეშე რა თქმა უნდა არ დგება“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia