GEO ENG

სიახლეები

ქალაქ ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

2 ოქტომბერი, 2019

1 ოქტომბერს, ქ.ახმეტაში, სახალხო დღესასწაული, წმინდა მოწამეების ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის დღე - "ბიძინაობა 2019" საზეიმოდ აღინიშნა.
დილიდან გაიმართა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წინა დღეს სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ცხენოსნების მსვლელობა ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ. ახმეტის მიმართულებით. გზად მხედრები სოფ. ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან და ბახტრიონთან შეჩერდნენ. მსვლელობისას აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა და მხედრებმა ალავერდის მონასტერში დაცული ერეკლე მეფის ხმალი წააბრძანეს ქ. ახმეტაში.
დოღში გამარჯვებული ახმეტაში მცხოვრები, ხვთისო აბელაშვილი გახდა, რომლის სახელი და გვარი ერეკლე მეფის ხმალზე ამოტვიფრეს.

“ეს ხმალი როგორც სიმბოლო ღირსებისა ისე გვინდოდა გამარჯვებულისთვის მიგვეცა, რადგან მხედარი და მხედრობა ეს არ არის მხოლოდ სპორტული ჟინი და ინტერესი. ვფიქრობ, რომ თითოეული სპორტსმენი, ვინც საცხენოსნო სპორტს მისდევს, თავის თავში ატარებს ამ სულისკვეთებას”,- აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა.

დოღში გამარჯვებულმა ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის დღესასწაული მთელ საქართველოს მიულოცა

“მოხარული ვარ, რომ 4 კილომეტრიანი მარულა მოვიგე. ამ გამარჯვებას ახმეტის კლუბ “ჯარჯი” -ს ვუძღვნი”, – აღნიშნა აბელაშვილმა.

დღესასწაულის მნიშვნელობაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, ქ. ახმეტაში იპოდრომის ინფრასტრუქტურის მეტად განვითარებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

“ვმუშაობთ რომ დოღის გამართვისთვის და იპოდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, რათა ეს ღონისძიება გახდეს მიზიდულობის წერტილი დოღის მასშტაბური ღონისძიებების ჩასატარებლად”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia