GEO ENG

სიახლეები

გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ თელავში

7 ნოემბერი, 2015

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თელავში, კახეთის რეგიონული არქივის შენობაში გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გახსნა.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადებულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვან და ფართომასშტაბიან გამოფენაზე წარმოდგენილია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი საარქივო მასალები, რომლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.
გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში იყო წარმოდგენილი. თელავში ექსპოზიცია 6-დან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.
თელავის შემდეგ გამოფენას „თიბისი ბანკის“ ბანკის ქუთაისისა და ბათუმის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს.
ღონისძიება ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia