სიახლეები
რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
„წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით, ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც. გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგორ როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.
ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.
ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისა და მოსავლის აღრიცხვიანობის კუთხითაა ჩართული. საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.
არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს.
სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს. დარგში წინსვლა სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.