GEO ENG

სიახლეები

კახეთის რეგიონს ჩინეთის, ჯიანგშის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია ეწვია

14 მაისი, 2019

13 მაისს, კახეთის რეგიონს ჩინეთის, ჯიანგშის პროვინციის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: მეტალურგიული ქარხნის, თევზის გადამამუშავებელი საწარმოსა და ენერგო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი პირები. ოფიციალური დელეგაცია სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო. ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობაზე. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დელეგატებს დაწვრილებით გააცნო ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც კახეთის რეგიონში ინვესტირების კუთხით მათთვის საინტერესო იქნება.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩამოსვლით შესაძლებლობა გექნებათ კარგად გაიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი, რათა უკეთესად დავსახოთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის თანამშრომლობის ხიდი, რომელსაც მეგობრობის ხიდს ვუწოდებთ, კიდევ უფრო გავამყაროთ.
კახეთის რეგიონში ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი დარგი - სოფლის მეურნეობა და ტურიზმი გახლავთ. ვფიქრობთ, ასევე ენერგეტიკულ სტაბილურობაზე, კახეთში არის ისეთი ადგილები, სადაც კარგად შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება და თანამედროვე მზის ენერგო სისტემების შექმნა, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც ინვესტირების კუთხით თქვენთვის საინტერესო იქნება“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა დელეგატებთან საუბრის დროს.
შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ქადაგიშვილმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, სამენოვანი წიგნები კახეთის შესახებ გადასცა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia