GEO ENG

სიახლეები

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის - ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა სიღნაღში

8 აპრილი, 2019

6 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა- „გზა თავისუფლებისკენ“ გაიხსნა. 
გამოფენის გახსნას ქალაქ სიღნაღთან დამეგობრებული საფრანგეთის ქ. შატონეფის მერი - ემანუელ დელმონტი, ქართულ-ფრანგული კულტურის ცენტრის წარმომადგენელი ჟერარ ჟერმანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
23-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ლევან მოსიაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. თვითნასწავლი მხატვრის გამოფენები საქართველოს გარდა, არაერთ ქვეყანასა და კონტინენტზე ყოფილა. 2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ მხატვარს საფრანგეთში მოღვაწეობა შესთავაზა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მასალა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე დღეს საკუთარ ოჯახში მოვედი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს თანამემამულეებს ვხვდები. ჩემი სამშობლო საქართველოა. მადლობა ფრანგ მეგობრებს, ბატონ ჟერარ ჟერმანს, რომელმაც საფრანგეთში საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღო, ასევე ბატონ ემანუელ დელმონტს, სიღნაღის მუზეუმს, რომ ჩემი ნამუშევრების გამოფენა გააკეთა“-აღნიშნა ლევან მოსიაშვილმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia