GEO ENG

სიახლეები

კამპანია ''მადლობა თავისუფლებისთვის'' - 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი გავიდა

4 აპრილი, 2019

1989 წლის 9 აპრილის, მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვირეული დაიწყო, რომელიც კამპანიის – „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. კამპანიას - #მადლობათავისუფლებისთვის კახეთის რეგიონი შეუერთდა. კამპანიის მიზანია თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მიმართ მადლიერების გამოხატვა, მათი ხსოვნისა და ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ისტორიკოსმა -ოთარ ჯანელიძემ და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა მოსწავლე -ახალგაზრდებისთვის 9 აპრილის მოვლენების შესახებ ლექცია-სემინარი გამართეს. ღონისძიებას 9 აპრილის ღამეს ტრაგიკულად გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელი აკურის მკვიდრის - შალვა ქვასროლიაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ისტორიკოსმა, პროფესორმა – ოთარ ჯანელიძემ ახალგაზრდებთან და შალვა ქვასროლიაშვილის ოჯახის წევრებთან 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს ისტორიაში ამ თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
„ეს დღე არ დარჩა მხოლოდ ტრაგედიად ჩვენს ისტორიაში, რადგან მან სათავე დაუდო და დააჩქარა ის პროცესები. 9 აპრილი საქართველოს განთავისუფლების წინამორბედად იქცა“ აღნიშნა ისტორიკოსმა, პროფესორმა – ოთარ ჯანელიძემ.
ირაკლი ქადაგიშვილმა, როგორც 9 აპრილის მიტინგის წამყვანმა, თვითმხილველმა და აქციის მონაწილემ ახალგაზრდებთან საუბრის დროს, გაიხსენა 9 აპრილის ღამე, როცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების გვერდით იდგა და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუყვა მათ მოვლენების განვითარების შესახებ.
„ჩვენი თაობა დღემდე ამ ტვირთით მოვდივართ. თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ ადამიანების თავგანწირვა არ ჩავლილა უშედეგოდ, ეს გახდა იმის წინაპირობა, რომ საბჭოთა იმპერია არსებობას დაასრულებდა და საქართველო თავის დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. თქვენმა თაობამ კი უფრო მეტი უნდა იშრომოთ, უფრო მეტი უნდა ისწავლოთ, უფრო მეტი უნდა ჩადოთ იმისთვის, რომ თავისუფალ და წარმატებულ ქვეყანაში იცხოვროთ“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia