GEO ENG

სიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილმა 2019 წელს კახეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი-პრეზენტაცია გამართა

19 მარტი, 2019

დღეს, ქ.თელავში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის - ირაკლი ქადაგიშვილის ბრიფინგი - პრეზენტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა 2019 წელს, კახეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი, განსახორციელებელი პროექტებისა და ყველა მნიშვნელოვანი სიახლეების შემაჯამებელი ანგარიში. ბრიფინგს ესწრებოდნენ: მედიის წარმომადგენლები და კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები.
პრეზენტაციის დროს, სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ რამდენად დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი იქნება კახეთისთვის 2019 წელი. 
კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს დაგეგმილია: ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა (ქ.გურჯაანი), თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ქ. ყვარელში, უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონის მშენებლობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფ. ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქ. თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და „ბატონის ციხის“ დასავლეთ ნაწილში მდებარე მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
პრეზენტაციის დროს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ დაანონსდა ა/წლის მაისის თვეში, კახეთში დაგეგმილი საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის ჩატარების თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული უამრავი უცხოელი ინვესტორები. ეკონომიკური ფორუმის კახეთის რეგიონში გამართვის ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელსაც მხარი დაუჭირა ცენტრალურმა მთავრობამ.
„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და მოლაპარაკებები სხვადასხვა უწყებებთან საერთაშორისო რეგიონული საინვესტიციო ფორუმის კახეთის რეგიონში გამართვასთან დაკავშირებით. ეს ფორუმი ჩატარდება სპეციალურად კახეთის რეგიონისთვის. ფორუმზე მოწვეული იქნებიან უცხოელი ინვესტორები, რომელთაც ადგილზე წარვუდგენთ კახეთის რეგიონის პოტენციალს, ასევე გავაცნობთ რეგიონის განვითარების ხედვასა და კონცეფციას. ვფიქრობთ, კახეთის რეგიონში ფორუმის ჩატარება კარგი პლატფორმა იქნება სამომავლოდ სხვა რეგიონებისთვის“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში მედიის დაინტერესებას შიდა ფრენების აღდგენის თაობაზე „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა სახელმწიფო უწყებასთან და დაინტერესებულ მხარესთან, მიმდინარეობს ბიზნესგეგმის შემუშავება, საჭიროა თელავში არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა საწყის ეტაპზე აღდგეს შიდა ფრენები კახეთიდან, ბათუმის, ქუთაისის და სვანეთის მიმართულებით” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზენტაციის დასასრულს, სახელმწიფო რწმუნებულმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2019 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia