სიახლეები
კატალონიის მხარის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის დელეგაცია კახეთს ეწვია
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლებთან ერთად, ესპანეთის სამეფოს კატალონიის მხარის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის (FMC) ოფიციალური დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოში ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მუნიციპალური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის პროცესზე და კახეთის მუნიციპალტეტების ურთიერთთანამშრომლობით ჩამოყალიბებული „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის - ვიზიტ კახეთი“-ს (DMO) მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ცენტრალური მთავრობა ქვეყანაში აქტიურად და თანმიმდევრულად ახორციელებს დეცენტრალიზაციის პროცესს, თუმცა პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობებში შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის გაზრდა. რაც შეეხება ინტერმუნიციპალურ პროექტებს, გეტყვით, რომ ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით შექმნილი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - ვიზიტ კახეთი“- (DMO), რომელიც კახეთის რეგიონის ჯერ კიდევ აუთვისებელი ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი ქადაგიშვილმა კატალონიის მხარის მუნიციპალიტეტთა ფედერაციის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ესპანურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ურთიერთთანამშრომლობით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.