GEO ENG

სიახლეები

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - ირაკლი ქადაგიშვილის საახალწლო მისალოცი სიტყვა

27 დეკემბერი, 2018

გვიახლოვდება ახალი 2019 წელი. ახალი წელი ყოველთვის არის დაკავშირებული ახალ იმედებთან, ახალ წარმატებებთან. თუმცა ამავდროულად, საჭიროა თვალი გადავავლოთ გასულ წელს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, კახეთისთვის და თელავისთვის გარკვეულწილად იყო წარმატების წელიწადი, რადგან კონკრეტულად კახეთის რეგიონმა, სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ ზრდას მიაღწია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყველანაირი მოსავალი, რომელიც ამ ჩვენს ბარაქიან, დალოცვილ მხარეში მოდის დაბინავებულია საკმაოდ კარგად. მოსავალი თუ შემოსავალი თითოეული ჩვენგანის ოჯახში შევიდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგვეხმარა. რეგიონში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ბევრი უკვე დასრულებულია. თუმცა ყოველივე ამას მაინც თან ახლავს უკმარისობის გრძნობა და სურვილი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად იგრძნონ განსაკუთრებით სოციალურად შეჭირვებულმა ადამიანებმა წინსვლა და მათი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევადი წარმატებაა და მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლება გარკვეულ, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, მაგალითად: შავი სიების განულების პროცესი, რომელიც უამრავი ადამიანისათვის შვება აღმოჩნდა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პაკეტის გაუმჯობესება, საბავშვო-ბაღებში კვების რაციონის გაუმჯობესება, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმისა და იმედის საფუძველი.
2018 წელს, თელავი განსაკუთრებულად დაფასებული აღმოჩნდა. საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაცია ერეკლეს ქალაქში, მის სასახლეში გადაიხადა, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მხარისა და ამ ქალაქის პრესტიჟს.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კახელები, მთელ საქართველოსთან ერთად, ახალ წელს ახალი იმედებითა და ახალი შემართებით შევხვდებით. გილოცავთ ახალ წელს, შობას. გისურვებთ, რომ ღვთის სითბოს და წყალობას მოეტანოს ბარაქა, მშვიდობა და სიხარული თითოეული თქვენგანის ოჯახში.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2023 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia