GEO ENG

სიახლეები

გურჯაანში ''ღვინის ფესტივალი -2018'' ჩატარდა

13 ოქტომბერი, 2018

დღეს, ქ. გურჯაანში, კურორტი „ახტალა“-ს ტერიტორიაზე „ღვინის ფესტივალი 2018“ გაიმართა. ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მხარის გუბერნატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა - დეპუტატმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ფესტივალზე ტრადიცულ კერძებთან ერთად, წარმოდგენილი იყო გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება, ქართული ფილმის გმირების კოსტუმირებული პერფორმანსები,ილუზიონისტის შოუ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა მხატვრების ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა. მეღვინეთა სივრცეში კი ღვინის დეგუსტაცია, თათარაობა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია გაიმართა. შემოდგომის დღესასწაულზე მსახიობების მიერ წარმოდგენილი იყო მოდელირებული რთველი. ღვინის ფესტივალზე, მოწვეული სტუმრებისთვის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იქნა წარმოდგენილი:„ცოცხალი ძეგლები“-ს შოუ,პერფორმანსი - „ფიროსმანის სუფრა“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“-ის წარმოდგენა, ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“-ს კონცერტი და ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „ძველებური ვოდევილი“.„ღვინის ფესტივალი 2018“ ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფის - 33ა გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. „ღვინის ფესტივალი 2018“ ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მისი გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“, ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის – დავით სონღულაშვილის ბიურო.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia