სიახლეები
წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება
დღეს, 19 სექტემბერს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი და კახეთის რეგიონში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის მერი თელავის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს, ვინც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტი კახეთის რეგიონში 62-მა ახალგაზრდამ მოიპოვა. წარმატებულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა მხარის გუბერნატორმა და მიღწეული წარმატება მიულოცა. „ის რომ 100%-იანი გრანტი მოიპოვეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ ლიდერები, რომლებსაც შეგიძლიათ თქვენი გონებრივი, სულიერი უნარების მობილიზება. თქვენ ხართ ის ოქროს ფონდი, ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნათ. აუცილებელია იმის გათვითცნობიერება, რომ ბევრი თქვენგანი შეგვცვლის ჩვენ. განათლება ერთჯერადი არ არის, დღესაც ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მუდამ ვცდილობ დავეწიო და ვუპასუხო ახალ გამოწვევებს. ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები თქვენ გგავდნენ. თქვენ ხართ მაგალითი, მისაბაძი ადამიანები ყველასთვის“ - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა სიტყვით გამოსვლისას. მუნიციპალიტეტის მერებმა ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატება უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები წარმატებული ადამიანები, რომელთაც სიტყვით მიმართეს სტუდენტებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატებები უსურვეს.