GEO ENG

სიახლეები

თელავში განახლებული ბატონის ციხის მუზეუმი გაიხსნა

16 მაისი, 2018

ქ. თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) დასრულებულია. განახლებული ბატონის მუზეუმი საქართველოს პრემიერ - მინისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი - სარა მაიკლი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი - გაგი ბუაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტის მიზანი თანამედროვე სტანდარტების სამუზეუმო და საგამოფენო სივრცის შექმნა და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობაა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი მუზეუმის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს.
მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.
ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.
ბატონის ციხის მთელი კომპლექსი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალი მუზეუმი და სამეფო სასახლე, ძეგლის თითოეული კომპონენტი,უზრუნველყოფს ვიზიტორთათვის ინფორმაციის მიწოდების სრულ ხელმისაწვდომობას, უქმნის მათ კულტურულ ფასეულობათა სათანადოდ აღქმისა და ახლებურად გააზრების შესაძლებლობას.
რეაბილიტირებული მუზეუმი გაზრდის ბატონის ციხის კომპლექსის ვიზიტორთა ნაკადს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia