GEO ENG

სიახლეები

ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

15 თებერვალი, 2018

14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე საქართველოს ფეხბურთის აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს. აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი- ჯონდო მდივნიშვილი, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლევან კობიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მედიის წარმომადგენლებმა ტექნიკური ცენტრი დაათვალიერეს და აკადემიის მოთამაშეებს უშუალო გარემოში გაესაუბრნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია გაწია. სფფ-ის სრული დაფინანსებით,  ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ამასთანავე, სტადიონი აღიჭურვა 300 ლუქსიანი განათების სისტემით. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად ბაზის ცენტრალურ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა - სრულად შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო. 

ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.  

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2018 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia