GEO ENG

სიახლეები

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კახეთში

22 დეკემბერი, 2017

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს უმასპინძლეს. სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრებმა ქალაქი სიღნაღი დაათვალიერეს და კომპანია „წინანდლის მამულები“ მოინახულეს. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა. „ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მომავალი ლიდერები შეიძლება იყვნენ, ქართული ღვინის შესაძლებლობები, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პერსპექტივები გავაცანით. ამავე დროს, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. არაერთ ეკონომიკურ პროექტში საქართველო შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო ქვეყანა. სტუმრებთან ვისაუბრეთ ჩვენ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და იმ პოზიციაზე, რომელიც საქართველოს დღეისათვის აქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ. „დღეს ჩვენ შევხდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და შევიტყეთ, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ღვინის წარმოება დაიწყო. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შთამბეჭდავია; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ყურადღებას აქცევს ამას მთავრობა. საინტერესოა ქართული ღვინის წარმოების უნიკალური წესი. დარწმუნებული ვარ, ქართული ღვინო იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მთელს მსოფლიოში. ჩვენ, პირადად მე, ვიქნები ქართული ღვინის ადვოკატი მთელს მსოფლიოში. ვუსურვებთ დიდ წარმატებას ქვეყანას და მთავრობას იმ ძალისხმევაში, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა სტუდენტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰარვარდის კურსდამთავრებულმა, სამუელ კიმიმ. ჰარვარდის კურსდამთავრებულებმა, კახეთში სტუმრობის დროს, ქვევრის ღვინოც დააგემოვნეს, დაესწრნენ ჭაჭის დაყენების პროცესს და ჩურჩხელები ამოავლეს; დღის ბოლოს კი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, უახლოეს მომავალში საქართველოს გაფართოებული შემადგენლობით ეწვიონ, რათა ქვეყნის პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2024 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის
- ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia