GEO ENG

სიახლეები

15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

23 მაისი, 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ ქარხანას „გრუზვინპრომი“ და ჩინურ კომპანიას „Jiangxi Silk Road Investment“ (ქ. ნანჩანი, ძიანგსის პროვინცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციის მიმართულებებით. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარმატება უსურვა ქართულ და ჩინურ კომპანიებს და აღნიშნა, რომ ჩინეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. სახელმწიფოს მხრიდან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამარტივება, ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია ის მხარდაჭერაა, რამაც ბიზნესის განვითარება უნდა უზრუნველყოს. „დღევანდელი მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წინაპირობაა იმისა, რომ მოლოდინები, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა, შესრულდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოდან, ღვინის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთში, რომელიც აფასებს და პატივს სცემს ჩვენ ისტორიას და ტრადიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ძიანგსის პროვინციის მოსახლეობა 400 მლნ-ზე მეტია, შესაბამისად, ეს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე, 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილია ღვინის კულტურის სახლები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას ახორცილებენ. ღონისძიებაში მონაწლეობა ძიანგსის პროვინციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალური პირებმა მიიღეს. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა „გრუზვინპრომი“ 1929 წელს დაარსდა. დღეისათვის საწარმო უახლესი აპარატურით და დანადგარებით არის აღჭურვილი.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia