GEO ENG

სიახლეები

გერმანელი მხატვრები საქართველოში-გამოფენა სიღნაღში

20 მაისი, 2017

19 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის მუზეუმში, „გერმანელი მხატვრები საქართველოში. XIX-XX საუკუნეები“ გამოფენა გაიხსნა. 2017 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების საიუბილეო წელია. ამ მოვლენას ორივე ქვეყანა მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავს. სწორეს ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა სიღნაღში გერმანელი მხატვრების გამოფენა. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებას: პაულ ფრანკენის, თეოდორ ჰორშელტის, რიჰარდ ზომერის, ოსკარ შმერლინგის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის, ალექსანდრე ზალცმანის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლოთქიფანიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე, გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებსა და გერმანელებს შორის მჭიდრო კავშირი 200 წელია გრძელდება. ურთიერთობები მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოასახლეს გერმანელები, რომლებიც სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით დაკავდნენ. საქართველო ასევე იზიდავდა გერმანელ სწავლულებს, არქიტექტორებს, ლიტერატორებს, ხელოვანებსა და საქმიანი წრეების სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ გერმანელი ბუნებისმეტყველისა და ეთნოგრაფის, გუსტავ რადეს თაოსნობით, 1965 წელს დაარსდა „კავკასიის მუზეუმი“. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწეობდნენ გერმანელ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა გამორჩეული წარმომადგენლები, მათ შორის მხატვრები, მკვლევრები, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს იმდროინდელი ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში. საგულისხმოა, რომ კავკასიის რეგიონი და საქართველო ცნობილი გერმანელი მხატვრების ყურადღებას იქცევდა.

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia