სიახლეები
გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული დირექტორი კახეთის გუბერნატორს შეხვდა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, ალანა არმიტაჯი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი - კარლ კულესა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიეთის იყო და გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ორგანიზაციის მანდატის და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში მუშაობა გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA) მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
UNFPA ხელს უწყობს თანასწორთა განათლებას, ინოვაციურ ახალგაზრდულ ფესტივალებს და ახალგაზრდულ ფორუმებს; ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კახეთის რეგიონში არსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს, რათა განახორციელონ მცირე მასშტაბის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელშესაწყობად.
გაეროს მოსახლეობის ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან ერთად, 2016 წლის ივლისიდან წარმატებით ახორციელებს კამპანიას, სახელწოდებით „კაცები ზრუნავენ“. კამპანიის მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ღონისძიებები მიმდინარე წლიდან კახეთშიც განხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან თანამშრომლობით.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის რანგში, ალანა არმიტაჯი საქართველოს პირველად სტუმრობს. ის კახეთში ვიზიტისას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაცნო და სტრატეგიულ პარტნიორებს შეხვდა.