GEO ENG

სიახლეები

მინისტრი ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე მეცხვარეებს შეხვდა

30 მარტი, 2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე იმყოფებოდა, სადაც მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილთან ერთად ესაუბრა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა დედოფლისწყაროში ახლადაშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტიც დაათვალიერა, სადაც უსასყიდლოდ მოხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში ტახტითეფას ზამთრის საძოვრებზე ინდმეწარმე ბეჟან გონაშვილის ფერმა დაათვალიერა. ბეჟან გონაშვილი სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმომ 540 000 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო და წარმოება გააფართოვა. ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონა მატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. მეცხვარეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის: • მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი; • ბიოუსაფრთხოების პუნქტები კახეთის რეგიონშიც გაიხსნება. მიმდინარე წელს კახეთში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, 2 პუნქტი აშენდა. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბულ ქვეყნების მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის (30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი მეცხვარეები ახალი გამოწვევების წინაშე არიან. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მათ შესაძლებლობა მიეცათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც საქართველოში მეცხვარეობის დარგში არსებობს. სოფლი მეურნეობის მინისტრთან ერთად დედოფლისწყაროში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა კვარაცხელია და მეცხვარეთა ასოციაციის თავნჯდომარე ბექა გონაშვილი იმყოდებოდნენ.  

სასარგებლო ბმულები

© 2015 - 2017 კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის
- გუბერნატორის ადმინისტრაცია
- ყველა უფლება დაცულია
Artmedia